სამაუწყებლო კომპანიების „რუსთავი 2", „იმედი", „მაესტრო", „ჯიდიეს", „კომედი არხი", „მარაო"-ს მიერ ბოლო დროს აქტიურად ხდება მოწოდება საკუთარი მაყურებლისათვის, რომ მათი ტელეარხების საყურებლად შეიძინონ Set-top-box-ები, რომელთა რეალიზაციაშიც დაინტერესებულნი არიან დასახელებულ მაუწყებლებთან დაკავშირებული პირები. ამდენად ნათელია, რომ ამ ტელეკომპანიების მიზანი თავიდანვე არ ყოფილა საკაბელო ოპერატორებთან შეთანხმების მიღწევა და სწორედ ამიტომ ოპერატორების მიერ შეთავაზებულ ყველა წინადადებაზე მათ უარი განაცხადეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველდღიურად ეცემა მითითებული მაუწყებლების რეიტინგები (იხ. https://bpn.ge/finansebi/40019-top-10-televiziidan-umetesobas-mayurebeli-sheumcirda-palitraniuss-da-tv-pirvels-ki-mkvethri-zrda-aqvth.html?lang=ka-GE), რაც დიდი ალბათობით უკავშირდება საკაბელო ქსელებით გავრცელებული მაღალხარისხიანი უცხოური კონტენტის მიმართ მომხმარებელთა ინტერესს, და მითითებული ტელეკომპანიებისთვის იმავე მრავალარხიან პაკეტში განთავსება წამგებიანი გახდა. (იხ. http://gncc.ge/ge/news/press-releases/bolo-erti-wlis-ganmavlobashi-qartuli-arxebis-yurebadoba-mkvetrad-shemcirda.page)
შეგახსენებთ, მაუწყებლები „რუსთავი 2", „იმედი", „მაესტრო", „ჯიდიეს", „კომედი არხი", „მარაო" ითხოვენ დამატებით თანხას მათი სიგნალის გავრცელებისთვის. თუმცა მათი შეთავაზება გულისხმობს ყველა ამ 6 არხის ერთდროულად შეძენას და არ უტევებენ ოპერატორს და მის აბონენტს შესაძლებლობას თავად აირჩიონ მათთვის სასურველი არხი. მაგ. რუსთავი 2 ოპერატორებს არ აძლევს უფლებას გაავრცელონ მისი არხი, თუ ტელეკომპანია „იმედს"-აც არ გადაუხდიან თანხას. ასეთივე პოზიცია აქვს იმედს. მისი ყურების საშულება მომხმარებელს არ ექნება, თუ თანხას რუსთავი2-იც არ მიიღებს. ამას ემატება დაბალი რეიტინგის მქონე კიდევ 4 ტელეარხი. მაუწყებლები თანხას ითხოვენ ყველა მომხმარებლისგან, მიუხედავად იმისა სურს თუ არა კონკრეტულ აბონენტს მათი ყურება. მაუწყებლები ოპერატორისაგან მათი სიგნალის და რეკლამის მოსახლეობამდე მიტანაში თანხას ითხოვენ მაშინ, როცა თავად იხდიან თანხას თანამგზავრული და მულტიფლექს სისტემებით არხის უფასოდ გავრცელებაში.
მითითებული ტელეკომპანიები მუდმივად ცდილობენ მაყურებელი შეიყვანონ შეცდომაში და არასწორად განმარტავენ საკანონმდებლო ცვლილებების არსს, რომელსაც განიხილავს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი და განგებ დამახინჯებულად წარმოაჩენენ საერთაშორის პრაქტიკას. მსოფლიო პრაქტიკა გვთავაზობს მხოლოდ ორი სახის ბიზნეს მოდელს მედია სივრცეში - მაუწყებელი შემოსავალს იღებს ან რეკლამისაგან და უფასოდ არის ხელმისაწვდომი; ან მაუწყებელი, შემოსავალს იღებს საკაბელო ოპერატორებისგან და ასეთ შემთხვევაში, ისინი ქმნიან სპეციალურ ვერსიებს სწორედ ოპერატორების ქსელში გავრცელებისთვის. რაც შეეხება თითქოსდა კონტენტის რეალიზაციას, უნდა ითქვას, რომ მაუწყებლები - რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, ჯიდიეს, კომედი არხი, მარაო თანხას არა კონტენტის რეალიზაციისთვის, არამედ მათი სიგნალის გავრცელებისთვის ითხოვენ. მიზანშეწონილია განიმარტოს, რომ კონტენტის რეალიზაცია/გაყიდვა გულისხმობს ცალკეული გადაცემების გაყიდვას. მაგ. რომელიმე გადაცემა შეიძლება შესთავაზონ ოპერატორებს, რომელთაც საკუთარი სამაუწყებლო სიხშირე აქვთ და ამ გზით მოახდინონ რეალიზაცია. ამ შემთხვევაში მათ შეუძლიათ თანხა მოითხოვონ მხოლოდ იმ გადაცემებზე, რომლებზეც თავად ფლობენ საავტორო უფლებებს. რაც შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც მაუწყებლებს შეძენილი აქვთ სხვა მწარმოებლებისგან (სერიალები, ფილმები, შოუები), მათ ამ გადაცემების გადაყიდვის უფლება არ გააჩნიათ. სიგნალის გავრცელება გულისხმობს მათი გადაცემების, მათ შორის რეკლამების უცვლელი სახით გავრცელებას, რაც მოიცავს იმ გადაცემებსაც, რაზეც ეს მაუწყებლები არ ფლობენ მესამე პირებზე გადაყიდვის უფლებას.
ავტორიზებული პირები მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით არ ეთანხმებიან მაუწყებლების მოთხოვნებს, ცდილობენ უზრუნველყონ მომხმარებლის წვდომა განსხვავებულ ინფორმაციასთან, შეინარჩუნონ არსებული ტარიფები და დაიცვან მოსახლეობა ეთერში უფასოდ არსებულ არხებში დამატებითი თანხების გადახდისაგან.