საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირმა საქართველოს პარლამენტს მიმართა

„საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირმა“ მიმართა საქართველოს პარლამენტს მაუწყებლობის შესახებ კანონით გათვალისწინებული „სავალდებულო ტრანზიტის“ პირობების გადასინჯვის თხოვნით. ამის აუცილებლობა გამოწყვეულია საქართველოში მედია ბაზარზე შექმნილი მდგომარეობიდან.

შეგახსენებთ, რომ მ/წლის მაისის თვეში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა კომპანიებმა მოულოდნელად კომპანია „მედია რაითს ჯორჯია“-გან  („GMR“ ) მიიღეს ულტიმატუმის ენაზე შედგენილი განზრახულობათა წერილი, სადაც კომპანია  იტყობინებოდა რომ მალე მიიღებდნენ უფლებებს ტელეარხების „რუსთავი 2“, „კომედი არხი“, „მარაო“, „იმედი“, „მაესტრო“, „ჯიდიეს“-ის კომერციულ დისტრიბუციასთან დაკავშირებით, და თუ ოპერატორები ამ კომპანიას არ მიმართავდნენ მ/წ 20 მაისამდე ხელშეკრულების გასაფორმებლად, შეუწყდებოდათ უფლება  სიგნალის ტრანზიტზე.  ეს წერილი კომპანია  „GMR“-მა დააგზავნა მაშინ, როდესაც მას ჯერ კიდევ არანაირი უფლებამოსილება არ ჰქონდა გადაცემული თავად სამაუწყებლო კომპანიებისგან.

მ/წ 16 მაისს კომპანია „მედია რაითს ჯორჯიას“ გაეგზავნა ოპერატორების მოსაზრებები თუ რატომ არ დაეთანხმებოდნენ მათ წინადადებას კომერციულ საწყისებზე ტელეარხების გავრცელებასთან დაკავშირებით და სთხოვეს საბოლოო ნაბიჯის გადადგმამდე კარგად გაეაზრებინათ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა მათ გადაწყვეტილებას. მიმართვაში მოყვანილი იყო ის ძირითადი არგუმენტები, თუ რატომ მიიჩნევდნენ ოპერატორები ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნას უსამართლოდ. (იხ.ვრცლად: http://cable-tv.ge/siakhle/qartuli-telearkhebi-sakabelo-operatorebisgan-signalis-tranzitis-uplebistvis-tankhas-itkhoven.html) თუმცა ოპერატორთა პოზიციები კომპანიამ არ გაიზიარა და 25 მაისს კვლავ დააგზავნა ულტიმატუმის წერილი ოპერატორებისადმი, რომლითაც ისინი ითხოვენ ანაზღაურებას ტელეარხების სიგნალის გავრცელებისთვის ყველა ოპერატორისგან, შეთავაზება არის ერთიანი/პაკეტური და ტრანზიტის საფასური შეადგენს 4 ლარს დღგ-ს გარეშე აბონენტის თითოეულ მოწყობილობაზე (ერთ ტელევიზორზე). ამავე წერილში კვლავ მუქარის და ულტიმატუმის ენით სთხოვენ ოპერატორებს დაუყოვნებლივ მიმართონ ამ კომპანიას, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეუწყდებათ სიგნალის მიწოდება. სწორედ ამ მოთხოვნებიდან და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით ტრანზიტორი კომპანიები იძულებული ხდებიან, განიხილონ მითითებული ტელეარხების საკაბელო ქსელიდან ამოღების საკითხი.

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი აუცილებლად მიიჩნევს რომ ცვლილებები შევიდეს საქართველოს კანონის „მაუწყებლობის შესახებ“ 401 მუხლში. ეს მუხლი ეხება ე.წ. Must Carry-ის პრინციპს.

როგორც გახსოვთ ამ მუხლის ამოქმედება განპირობებული იყო საარჩევნო პერიოდში გარკვეული სპეკულაციებით, კერძოდ 2012 წელს „რუსთავი 2“-მა, „იმედმა“  და კიდევ რამდენიმე სამაუწყებლო კომპანიამ აიძულეს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული კომპანია „გლობალ ტვ“ გაეთიშა მათი არხების მიწოდება ბოლო მომხმარებლებისთვის (აბონენტებისთვის), ხოლო მაშინდელი ხელისუფლების ზეწოლით ზოგიერთმა ოპერატორმა  გათიშა რამოდენიმე ოპოზიციური არხიც. საერთაშორისო თანამეგობრობის, საელჩოების  და არასამთავრობო სექტორის ზეწოლით და დიდი ძალისხმევით, საქართველოს საარჩევნო კოდექსში შევიდა დამატება (51-ე მუხლი) და შემოვიდა ე.წ.  Must Carry-ის და Must offer-ის პრინციპი, რაც საარჩევნო პერიოდში ერთის მხრივ ავალდებულებდა ოპერატორებს საერთო მაუწყებლები განეთავსებინათ შეთავაზებულ ყველა პაკეტში, მეორეს მხრივ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შეეძლო უფასოდ, მაუწყებლის ნებართვის გარეშე განეხორციელებინათ ასეთი მაუწყებლობის ტრანზიტი.

2013 წლის 12 ივლისს, დამატება შევიდა ასევე მაუწყებლობის შესახებ კანონში, რაც ითვალისწინებს მხოლოდ „სავალდებულო ტრანზიტის“ ცნებას, რაც გულისხმობს იმას, რომ საერთო მაუწყებელს უფლება აქვს მოსთხოვოს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს განათავსოს ტელეარხი მომხმარებლისთვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში, ოპერატორი კი ვალდებულია შეასრულოს მისი მოთხოვნა. მაგრამ თუ ოპერატორს სურს ასეთი არხის განთავსება ქსელში, მას აუცილებლად სჭირდება ნებართვა თავად მაუწყებლისგან, რაც შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ ფასიანია. ამ კანონის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელსაც კი აქვს უფლება, რომ მოითხოვოს ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების გაფორმება, რაც სრულიად ალოგიკურია იმ ფონზე, როდესაც იგი ისედაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ ხალხისგან ფინანსდება. 2015 წელს ე.წ.  Must Carry-ის და Must offer-ის ცნება უკვე ამოღებულია საარჩევნო კოდექსიდან, რაც ქმნის საშიშროებას, რომ წინასაარჩევნოდ განმეორდეს კიდევ უფრო მძიმე სურათი, ვიდრე იყო 2012 წელს.

ოპერატორების და ჩვენი აზრით, ასევე საერთაშორისო აქტებისა და პრაქტიკიდან გამომდინარე, არ შეიძლება კანონმდებლობა აძლევდეს საერთო საეთერო მაუწყებელს იმის საშუალებას, რომ მან მოითხოვოს თანხა სიგნალის ტრანზიტისთვის. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მაუწყებლები, რომლებიც სარგებლობენ ე.წ. Must Carry-ის პრინციპით, ეკრძალებათ თანხის მოთხოვნა ოპერატორებისგან, რადგან ეს ეწინააღმდეგება ზოგადად ამ პრინციპის არსს.

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია სასწრაფოდ საკანონმდებლო ცვლილებები და სავალდებულო ტრანზიტის პირობების გადახედვა, რათა თანასწორ პირობებში აღმოჩნდნენ მაუწყებლები და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირები. ცვლილება აუცილებელია, ვინაიდან სავალდებულო ტრანზიტის პრინციპის არსებობა უკვე გულისხმობს ტრანზიტორი კომპანიების ბიზნეს და კომერციული ინტერესების შეზღუდვას, რადგან ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას თავისუფლად და დამოუკიდებლად არეგულირონ მომხმარებლისთვის შეთავაზებული პაკეტები. ამიტომ აუცილებელია, რომ მათაც გააჩნდეთ შესაბამისი უფლებები.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირმა“ გაუგზავნა თხოვნა საქართველოს პარლამენტს, შემუშავებულ იქნას საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც თანაბარ პირობებში ჩააყენებს სამაუწყებლო და სატრანზიტო კომპანიებს. კავშირმა პარლამენტს წარუდგინა კონკრეტული პროექტი, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს Must Carry-სა და Must Offery-ის პრინციპები. აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს როგორც მაუწყებლების, ასევე სატრანზიტო კომპანიების და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას და გამორიცხავს დისკრიმინაციულ მიდგომებს და ბაზარზე არაკონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას. სხვა შემთხვევაში, სატელეკომუნიკაციო და მედია ბაზარზე განვითარებული მოვლენები გამოიწვევს უარყოფით შედეგებს, რაც დააზარალებს როგორც თავად მეწარმე სუბიექტებს, ასევე მოსახლეობას და ქვეყნის იმიჯს.

„საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი“ იმედს გამოთქვამს, რომ მისი წინადადება დროულად იქნება განხილული, მიეცემა შესაბამისი მსვლელობა და პრობლემა საკანონმდებლო დონეზე მოგვარდება.

უკან