„საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირმა" შეისწავლა ევროპული პრაქტიკა Must Carry პრინციპთან დაკავშირებით. კვლევის საგანი გახლდათ მაუწყებლებსა და საკაბელო ოპერატორებს შორის ურთიერთდამოკიდებულება სიგნალის გავრცელებასთან მიმართებაში და სატელევიზიო არხების ტრანზიტის კომერციული პირობები. საკითხის სიღრმისეულად და სრულყოფილად შესწავლისთვის კავშირმა მიმართა მის პარტნიორებს ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთში, ასევე, ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზაციას Cable Europe-ს. ევროპული გამოცდილების და საკანონმდებლო ბაზის შესწავლის აუცილებლობა გამოიწვია საქართველოში შექმნილმა მდგომარეობამ. როგორც უკვე იცით, ექვსმა ქართულმა ტელეარხმა - რუსთავი-2, იმედი, მაესტრო, ჯი-დი-ეს, მარაო და კომედი არხმა, შპს „მედია რაითს ჯორჯიას" სახელით საკაბელო ოპერატორებისგან მოითხოვეს ანაზღაურება მათი სიგნალის გავრცელების სანაცვლოდ. ამ მაუწყებლებიდან 3 ტელეარხი - რუსთავი-2, იმედი, მაესტრო არის საერთო საეთერო მაუწყებელი, რომლებიც სარგებლობენ „სავალდებულო ტრანზიტის" მოთხოვნის უფლებით. ოპერატორები არ ეთანხმებიან ტელეკომპანიების მოთხოვნებს და მიიჩნევენ რომ, რომ საერთო მაუწყებელი, რომელიც უფასოდ ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობისთვის, საკაბელო ოპერატორებისთვის არ უნდა იყოს ფასიანი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვესწავლა სხვა ქვეყნების გამოცდილება, რომელსაც ვუზიარებთ ქართველ ოპერატორებს და ყველა დაინტერესებულ პირს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის შემუშავებულია ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 7 მარტის დირექტივა №2002/22/EC უნივერსალური მომსახურებებისა და ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებსა და მომსახურებებთან დაკავშირებით მომხმარებელთა უფლებების შესახებ (უნივერსალური მომსახურებების შესახებ დირექტივა), რომელიც განსაზღვრავს ძირითად პრინციპებს „სავალდებულო ტრანზიტის" პირობებთან დაკავშირებით. დირექტივის 31-ე მუხლი უშუალოდ ეხება „სავალდებულო გადაცემას" (Must Carry). ეს მუხლი სახელმწიფოებს ავალდებულებს ეროვნულ დონეზე მოაწესრიგონ ე.ს. Must Carry-ს საკითხი. "ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უფლებამოსილნი არიან დააკისრონ სავალდებულო გადაცემის დასაბუთებული წესების შემოღების ვალდებულებები სპეციალიზებული რადიო და სატელევიზიო სამაუწყებლო არხების გადაცემებისთვის, განსაკუთრებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მომხმარებლებისთვის მომსახურების ხელმისაწვდომობა მათ იურისდიქციაში შემავალ ორგანიზაციებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ წვდომას სპეციალიზებული რადიო და სატელევიზიო სამაუწყებლო არხების გადაცემებისთვის გამოყენებულ კომუნიკაციის ელექტრონულ ქსელებთან მოსახლეობისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ქსელების საბოლოო მომხმარებლების უმრავლესობა იყენებს მათ, როგორც რადიო და სატელევიზიო მაუწყებლობის ძირითად საშუალებას. ასეთი ვალდებულებები დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აუცილებელია საყოველთაოდ მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად, რომელთაც მკაცრად განსაზღვრავს თითოეული წევრი სახელმწიფო და აკმაყოფილებს პროპორციულობის და გამჭვირვალობის პრინციპებს."
საქართველოში „სავალდებულო ტრანზიტის" ცნება სწორედ ისეთ დროს შემოვიდა კანონმდებლობაში, როდესაც გამოუვალი მდგომარეობა იყო შექმნილი სატელეკომუნიკაციო ბაზარზე. ტელევიზიები უკრძალავდნენ ერთ-ერთ მსხვილ ოპერატორს მათი სიგნალის გავრცელებას, თავის მხრივ ზოგიერთი ოპერატორი თიშავდა კონკრეტული ტელეარხების სიგნალს თავის საკაბელო ქსელში. სწორედ ამიტომ, 2012 წელს შემოვიდა Must Carry-ისა და Must Offer-ის ცნება.
უნივერსალური მომსახურების დირექტივის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტი და №2002/19/ЕС დირექტივის (დაშვების შესახებ დირექტივის) 3(2) მუხლი არ უშლის ხელს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დაადგინონ შესაბამისი კომპენსაცია, აუცილებლობის შემთხვევაში, წინამდებარე მუხლის დებულებების შესაბამისად მიღებული ზომების გათვალისწინებით, რომ ასეთ გარემოებებში არ აღმოცენდება დისკრიმინაცია კომუნიკაციის ელექტრონულ ქსელებთან წვდომის წარმომდგენ ორგანიზაციებთან მიმართებაში. კომპენსაციის შეთავაზებისას წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მათ დადგენას/გამოყენებას პროპორციულობის და გამჭვირვალობის პრინციპების საფუძველზე."
ამ მუხლს წევრი სახელმწიფოები განმარტავენ ისე, რომ საკაბელო ოპერატორებს უფლება აქვთ მაუწყებლებისგან მოითხოვონ ანაზღაურება/კომპენსაცია იმის სანაცვლოდ, რომ მათ ეკისრებათ ვალდებულება გაავრცელონ იმ ტელეარხების სიგნალი, რომელიც ეროვნული კანონმდებლობით სარგებლობს Must Carry-ით. რომ არა კანონის მოთხოვნა შესაძლოა ოპერატორს არ მიეღო რომელიმე ტელეარხის ქსელში განთავსების გადაწყვეტილება. სწორედ ოპერატორის ბიზნეს ინტერესების შეზღუდვის გამო, წევრი სახელმწიფო უფლებამოსილია განსაზღვროს მაუწყებლის მიერ ოპერატორისთვის კომპენსაციის გადახდის წესი. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით კი სრულიად სხვაგვარად მოხდა სავალდებულო ტრანზიტის ცნების ჩამოყალიბება, და მაუწყებლებს მისცა უფლება ანაზღაურების მიღებისა, რაც ჩვენი შეფასებით ევროპულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.
დირექტივა არეგულირებს ასევე ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპი. ევროპულ დირექტივაში ვკითხულობთ: „საჭიროა სათანადო სიფრთხილის დაცვა უნივერსალური მომსახურების ვალდებულების ფარგლებში განხორციელებულ ნებისმიერ ცვლილებასთან დაკავშირებით იმ ფაქტის უზრუნველსაყოფად, რომ არ მოხდეს გარკვეული ტექნოლოგიური არჩევანის ხელოვნურად ხელშეწყობა სხვებზე მეტად, რომ შესაბამის სექტორში მომუშავე ორგანიზაციებს არ დაეკისროთ არაპროპორციული ფინანსური ტვირთი".
უფრო მეტი სიცხადისთვის, განვმარტავთ ამ პრინციპის მნიშვნელობას. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სატელევიზიო არხის სიგნალის გავცელება საქართველოში საკაბელო ოპერატორებისთვის გახდება ფასიანი, რჩება მხოლოდ ღია მულტიფლექს პლატფორმა, რომელიც მოსახლეობისთვის ტელეარხებს ავცელებს უფასოდ. ასეთი შემთხვევა, აუცილებლად გამოიწვევს უკვე არსებული საკააბელო ოპერატორების ტექნოლოგიურ დისკრიმინაციას, რადგან აბონენტი ბუნებრივია არჩევანს სწორედ უფასო მომსახურებაზე შეაჩერებს, რაც თავისთავად ხელს უწყობს კონკრეტული ტექნოლოგიის განვითარებას, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ მულტიფლექს პლატფორმის ოპერატორი გახდა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი და ის უფასო არხებთან ერთად მომხმარებელს სთავაზობს ფასიან მომსახურებასაც. ეს კი დიდი რისკს შეიცავს ბაზარზე არაკონკურენტული და დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებისთვის.
ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპს ქართული კანონმდებლობაც იცნობს. საქართველოს კანონით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტი განმარტებულია შემდეგნაირად: „პრინციპი, რომლის მიხედვითაც მარეგულირებელი გადაწყვეტილებების მიღებისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ბოლო მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეს და არა ამ მომსახურების მისაწოდებლად გამოყენებულ ტექნოლოგიებს". ამავე კანონის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ისეთი ძირითადი პრინციპების შესაბამისად, როგორიცაა: „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით საქმიანობაში მონოპოლიური მდგომარეობის დაუშვებლობა და მომსახურების ბაზრის ლიბერალიზაცია; თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარება; ავტორიზებული პირებისთვის ექსკლუზიური უფლებამოსილებების მინიჭებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით საქმიანობისას ექსკლუზიური ხელშეკრულებების დადების დაუშვებლობა; კომისიის მარეგულირებელი გადაწყვეტილებების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობა, ობიექტურობა, არადისკრიმინაციულობა, გამჭირვალობა და ტექნოლოგიური ნეოტრალიტეტი". ვფიქრობთ, ამ დათქმებიდან გამომდინარე, დაუშვებელია ავტორიზებული პირების განსხვავება იმის მიხედვით, თუ ოპერატორს რა ტექნოლოგიით მიაქვს სიგნალი ბოლო მომხმარებლამდე, მაშინ როდესაც მომსახურების სახე ერთი და იგივეა.
დღეს არსებული მაუწყებლების მოთხოვნები ფასიან ტრანზიტთან დაკავშირებით წარდგენილი აქვთ ყველა ავტორიზებულ პირს, გარდა მულტიფლექს ოპერატორისა.
ჩვენი მიმართვის საფუძველზე, Cable Europe თავისი წერილით იუწყება, რომ ევროკავშირის ქვეყნების საკაბელო ოპერატორების უმრავლესობა არ იხდის თანხას Must Carry-ს პრინციპით რეგულირებადი არხების ჩვენებისთვის. ამჟამად, მოქმედი უნივერსალური დირექტივა და მათ შორის 31-ე მუხლი განხილვის პროცესშია. Cable Europe სთხოვს ევროკავშირის კანონმდებლებს ანაზღაურების საკითხი უფრო ნათლად ასახონ რეგულაციებში. Cable Europe-ს შეფასებით „იდეალურ სიტუაციაში, განახლებული რეგულაციებით მაუწყებლებს უნდა დაეკისროთ გადასახადის გადახდა მათი არხების ჩვენებისთვის".
„საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი" გაეცნო ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების შიდა საკანონმდებლო რეგულაციებს.
პოლონეთში მოქმედებს Must Carry და Must Offer-ის რეგულაციები. ოპერატორები მაუწყებლებს არ უხდიან თანხას, რათა მათი გადაცემების რეტრანსლირების უფლება მოიპოვონ. „მაუწყებლობის შესახებ" პოლონეთის კანონის 43.1. მუხლის თანახმად ოპერატორი ვალდებულია მოახდინოს კანონით განსაზღვრული ტელეარხების რეტრანსლიაცია, ასევე მაუწყებლებს აკისრიათ ვალდებულება მისცეს ოპერატორს უფლება, უფასოდ მოახდინოს მისი პროგრამების ჩვენება. პოლონეთში ხდება №2002/19/ЕС დირექტივის აღსრულება და აქ 31-ე მუხლს განმარტავენ იმგვარად, რომ წევრს ქვეყნებს ეძლევათ უფლება მაუწყებლებს დააკისრონ გადასახადი Must Carry-ის პროგრამების რეტრანსლირებისთვის, თუმცა რეალურად ამას არ აკეთებენ. რაც შეეხება თავად მაუწყებლებს, მათ კანონით არ აქვთ უფლება ოპერატორებისგან ანაზღაურების მოთხოვნისა.
ლატვიაში პროცესს არეგულირებს ლატვიის მასობრივი ელექტრონული საინფორმაციო საშუალებების კანონი. კანონის მე-19 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად: „საკაბელო ოპერატორი, რომელიც სატელევიზიო პროგრამების რეტრანსლიაციას ახდენს, საზოგადოებრივი სამაუწყებლო ორგანიზაციის პროგრამების შესაბამისი ოპერატორის აბონენტებისთვის უცვლელი სახით მიწოდებას უზრუნველყოფს. საზოგადოებრივი სამაუწყებლო ორგანიზაციის პროგრამების რეტრანსლიაციის უზრუნველსაყოფად საკაბელო ოპერატორი სამაუწყებლო ორგანიზაციას გადასახადს არ ახდევინებს, თავის მხრივ, სამაუწყებლო ორგანიზაცია არ უწესებს გადასახადს საკაბელო ოპერატორს". ლატვიაში ამჟამად საზოგადოებრივი ტელევიზიის 2 პროგრამაა.
ამავე მუხლის 61 ნაწილი: „საკაბელო ოპერატორი, რომელიც სატელევიზიო პროგრამების რეტრანსლიაციას ახდენს, ლატვიის კომერციული სამაუწყებლო ორგანიზაციების პროგრამების შესაბამისი ოპერატორის ყველა აბონენტისთვის უცვლელი სახით მიწოდებას უზრუნველყოფს, რომლებიც უფასოდ ხელმისაწვდომია საბოლოო მომხმარებლისთვის მიწისზედა გადამცემებიდან, თუკი სამაუწყებლო ორგანიზაცია საკაბელო ოპერატორისგან გადასახადს არ მოითხოვს, ასეთი სატელევიზიო პროგრამების რეტრანსლიაციის უზრუნველყოფაზე საკაბელო ოპერატორი სამაუწყებლო ორგანიზაციას გადასახადს არ უწესებს". ლატვიაში ამჟამად მაუწყებლობის ეროვნულ ქსელში კომერციული ტელევიზიის 3 ასეთი პროგრამა და 2 ადგილობრივი პროგრამაა. ლატვიაში მიაჩნიათ, რომ Must Carry-ის მინიჭება მხოლოდ ისეთი პროგრამებისთვის შეიძლება, რომლებიც აბონენტებისთვის უფასოა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის ფულზე ისეთი საქონლის გაყიდვა, რომლის ყიდვასაც მყიდველი არ აპირებდა.
მსგავსად რეგულირდება საკითხი ლიტვაშიც. მაუწყებლების სიგნალი, რომლებიც Must Carry-ით სარგებლობენ, უფასოა საკაბელო ოპერატორებისთვის.
საქართველოში სავალდებულო ტრანზიტის პირობებს არეგულირებს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 401 მუხლი. საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირმა უკვე მიმართა საქართველოს პარლამენტს კანონში ცვლილებების შეტანის თხოვნით. იმედს გამოვთქვამთ, საქართველოს კანონმდებლობაც შესაბამისობაში მოვა ევროპულ კანონმდებლობასთან და სატელეკომუნიკაციო და მედია ბაზარზე გარანტირებული იქნება კონკურენტული და არადისკრიმინაციული გარემოს არსებობა.
„საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი" აგრძელებს მუშაობას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ინტერესების დასაცავად.