აქცია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან

მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა კომპანიებმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც ოპერატორები აცხადებენ კომისია თავის ფუნქციებს ვეღარ ასრულებს, ის წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს და კონკრეტულ ბიზნეს სუბიექტებს მფარველობს. აქციაში მონაწილეობას იღებდნენ ოპერატორები თბილისიდან და რეგიონებიდან და მათი მომხმარებლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქართული ტელევიზიების მხრიდან მათი უფლებები და ინტერესები ილახება. შეგახსენებთ რომ ექვსი ქართული ტელეარხი (რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, ჯიდიესი, მარაო, კომედი) შპს „მედია რაითს ჯორჯიას" სახელით თანხას ითხოვს მათი სიგნალის გავრცელებისთვის. ხელშეკრულებების გაფორმების საბოლოო თარიღად მათი მხრიდან 01 დეკემბერია დასახელებული.

ოპერატორები ითხოვენ კომისია დაუბრუნდეს თავისი ფუნქციების შესრულებას და აღასრულოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის რეკომენდაცია და მაუწყებლებსა და ოპერატორებს შორის დავა დაარეგულიროს სამართლიანად, ისე რომ დაცული იყოს ორივე მხარის თანასწორობა და მომხმარებელთა უფლებები. მათივე განცხადებით, კომისიამ ხელი არ უნდა შეუწყოს ბაზარზე მონოპოლიების ჩამოყალიბებას და მიიღოს ყველა ზომა, რათა ტელევიზიების კარტელურ შეთანხმებას და უკანონო ქმედებებს ხელი შეეშალოს.

აქციის ფონზე საკაბელო ოპერატორებსა და კომისიის წევრებს შორის შეხვედრაც გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იყო ის პრობლემები რაც ოპერატორებს აწუხებთ. ძირითად საკითხებზე ოპერატორების წარმომადგენლებსა და კომისიის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა. უმეტეს საკითხებში ისინი მაუწყებელთა ინტერესებს იზიარებდნენ, თუმცა მათ შეთანხმებაში კარტელურ ნიშნებს თავადაც ხედავენ.

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი თვლის რომ კანონი საჭიროებს დახვეწას, რადგან იგი შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს. მან საქართველოს პარლამენტსაც მიმართა კანონში ცვლილებების შეტანის თხოვნით, თუმცა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მიიჩნია, რომ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება ვერ წყვეტს დასმულ პრობლემას და მან გასცა რეკომენდაცია რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომიტეტისთვის ორი მნიშვნელოვანი პრინციპის გათვალისწინებით - მომხმარებელთა უფლებების დაცვა და კონკურენციის უზრუნველყოფა, მოახდინოს საკითხის დარეგულირება და იმ შემთხვევაში თუ მოქმედი საკანონმდებლო რეგულაცია არ იძლევა საშუალებას პრობლემა გადაიჭრას ორივე მხარის ინტერესების დაცვით, კომისიამ უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს თავისი წინადადებები კანონმდებლობი ცვლილებებთან დაკავშირებით.

რა გადაწყვეტილებებს მიიღებს კომისია და რა როლს შეასრულებს შექმნილი კრიზისული სიტუაციის დასარეგულირებლად, ამას დრო გვიჩვენებს.

უკან