
ციფრულ ეპოქაში ტელევიზიის ყურების ფორმა რადიკალურად შეიცვალა. თუ ადრე მაყურებელი საკაბელო ან სატელიტურ ოპერატორს უკავშირდებოდა, დღეს სატელევიზიო არხებსა და ვიდეოკონტენტს ინტერნეტის საშუალებით იღებს. ამ ცვლილებასთან ერთად სწრაფად გაიზარდა არალეგალური სატელევიზიო სტრიმინგიც, - ტელეარხებისა და სხვა კონტენტის გავრცელება საავტორო უფლებების მფლობელების ნებართვის გარეშე.
ერთი შეხედვით მომხმარებლისთვის ეს შეიძლება მხოლოდ „იაფი ალტერნატივა" ჩანდეს, მაგრამ რეალურად ის გავლენას ახდენს მთელ ეკოსისტემაზე - მაუწყებლებზე, საკაბელო და ინტერნეტ ოპერატორებზე, სპორტულ ლიგებზე, კონტენტის შემქმნელებსა და სახელმწიფოს ეკონომიკაზეც.
როგორ მუშაობს არალეგალური სატელევიზიო სტრიმინგი?
ასეთი სერვისები მომხმარებელს მცირე საფასურად, ხშირად თვეში 5-10 ევროს ეკვივალენტად სთავაზობენ ასობით ან ათასობით სატელევიზიო არხს, სპორტული ჩემპიონატების პირდაპირ ტრანსლაციებს, ფილმებისა და სერიალების დიდ ბიბლიოთეკას.
ვიზუალურად ეს პლატფორმები ხშირად ძალიან ჰგავს ლეგალურ სერვისებს, რის გამოც მომხმარებელი ყოველთვის ვერ აცნობიერებს, რომ ის არალეგალურ მომსახურებას იყენებს. დღეს ასეთი სერვისები ძირითადად სპეციალური აპლიკაციებით, Android TV Box-ებით, Smart TV-ების პროგრამებითა და დახურული Telegram-ჯგუფების მეშვეობით ვრცელდება.
ევროპაში ეს უკვე მილიარდიანი არალეგალური ბაზარია. ევროპის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის (EUIPO) ბოლო მასშტაბური კვლევის თანახმად, არალეგალური სატელევიზიო სტრიმინგს 17,1 მილიონი ადამიანი იყენებდა, რამაც ლეგალურ ინდუსტრიას 3,21 მილიარდი ევროს ზარალი მიაყენა.
კვლევამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოავლინა - ყველაზე აქტიური მომხმარებლები 16-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში არიან, რაც მიუთითებს, რომ პრობლემა განსაკუთრებით სწრაფად ახალგაზრდებში ვრცელდება.
არალეგალური სატელევიზო სტრიმინგის ყველაზე დიდი სამიზნე არის სპორტი.
ამის მიზეზი მარტივია. სპორტული ტრანსლაციების ექსკლუზიური უფლებები მილიარდობით ევროდ იყიდება. მაგალითად, ინგლისის პრემიერ ლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და სხვა მსხვილი ტურნირების მაუწყებლობის უფლებები ევროპაში რეკორდულ ფასებს აღწევს, რის გამოც მომხმარებელთა ნაწილი იაფ არალეგალურ ალტერნატივას ეძებს. EUIPO-ს კვლევის მიხედვით, ევროპის მოსახლეობის 12% სპორტულ კონტენტს არალეგალური რესურსებით იღებს. შედეგად, ყველაზე მეტად ზიანდება სწორედ ის კონტენტი, რომლის შექმნაშიც ყველაზე დიდი ინვესტიცია იდება.
იტალიის სამართალდამცავებმა ევროკავშირის სამართლადამცავი თანამშრომლობის სააგენტო Europol-ისა და სასამართლო თანამშრომლობის სააგენტო Eurojust-ის მხარდაჭერით გამოავლინეს საერთაშორისო ქსელი, რომელიც 22 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურებოდა და 2,500-ზე მეტ სატელევიზიო არხს ავრცელებდა, რის შედეგადაც წლიურად დაახლოებით 3 მილიარდი ევროს არალეგალურ შემოსავალს იღებდა.
გამოძიებამ აჩვენა, რომ ქსელი რამდენიმე ქვეყანაში განთავსებულ სერვერებს იყენებდა, გადახდებს კი სხვადასხვა ონლაინ-სისტემისა და კრიპტოვალუტის საშუალებით იღებდა. ეს საქმე ცხადყოფს, რომ დღეს არალეგალური სატელევიზიო სტრიმინგი აღარ არის რამდენიმე ვებსაიტის პრობლემა, არამედ ის საერთაშორისო ორგანიზებულ ბიზნესად იქცა.
იტალიამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და 2024 წლიდან შექმნა რეალურ დროში ბლოკირების ეროვნული სისტემა - Piracy Shield, რომელიც განსაკუთრებით სპორტული ტრანსლაციების არალეგალური გავრცელების წინააღმდეგ შეიქმნა. სისტემა ქვეყნის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ, AGCOM-მა (Autorità per le Garanzie nelle Comunicazioni), კანონის საფუძველზე დანერგა და დღეს ის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ მექანიზმად მიიჩნევა.
Piracy Shield-ის მთავარი პრინციპი სწრაფი რეაგირებაა.
როდესაც ტელეარხი ან სპორტული უფლებების მფლობელი აღმოაჩენს, რომ მატჩი ან სხვა პირდაპირი ტრანსლაცია არალეგალურად გადაიცემა, ის ინფორმაციას სპეციალურ პლატფორმაზე აგზავნის. ამის შემდეგ ინტერნეტპროვაიდერებმა (ISP) მითითებული IP მისამართები და დომენები დაახლოებით 30 წუთში უნდა დაბლოკონ. მიზანია, უკანონო ტრანსლაცია მაყურებელთა მისვლამდე შეჩერდეს.
ეს ვალდებულება ეხება ყველას, ვინც სისტემაში არიან ჩართულები: ინტერნეტპროვაიდერებს,ჰოსტინგ-კომპანიებს, კონტენტის უფლებების მფლობელებს, AGCOM-ს, რომელიც პროცესს კოორდინაციას უწევს.
თუ პროვაიდერი მოთხოვნას დროულად არ შეასრულებს, მას სანქციები შეიძლება დაეკისროს.
AGCOM-ის მონაცემებით, Piracy Shield-ის ამოქმედების შემდეგ ათასობით დომენი და IP მისამართი დაიბლოკა, განსაკუთრებით ფეხბურთის სერია A-ს, ჩემპიონთა ლიგისა და სხვა სპორტული ღონისძიებების არალეგალური ტრანსლაციების დროს. იტალია ამ სისტემას მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მიიჩნევს სპორტული უფლებების დასაცავად.
Piracy Shield-ის მიმართ ყველაზე დიდი პრეტენზია ზედმეტ ბლოკირებას (overblocking) უკავშირდება.
2024 წელს რამდენიმე შემთხვევამ დიდი ყურადღება მიიპყრო, როდესაც Cloudflare-ის ინფრასტრუქტურაზე განთავსებული ზოგიერთი ლეგალური ვებსერვისიც დროებით მიუწვდომელი გახდა, რადგან დაბლოკილი IP მისამართები მრავალ სხვადასხვა საიტს ერთდროულად ემსახურებოდა. სწორედ ამის გამო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მეტი გამჭვირვალობა და დამოუკიდებელი ზედამხედველობა მოითხოვეს.
იტალიის გამოცდილებას დღეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც სწავლობენ. ევროკომისიის 2025 წლის მონიტორინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სპორტული ტრანსლაციების წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების მექანიზმები სულ უფრო მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მიიჩნევა, თუმცა მათი გამოყენება ისე უნდა მოხდეს, რომ ლეგალური ონლაინ-სერვისები შემთხვევით არ დაზარალდნენ.
არალეგალური სატელევიზიო სტრიმინგი მხოლოდ საავტორო უფლებების დარღვევა არ არის, ის პირდაპირ ზინას აყენებს იმ კომპანიებს, რომლებიც კონტენტის შექმნასა და მაუწყებლობაში ყველაზე დიდ ინვესტიციას დებენ.
ზიანი ადგება ლეგალურ ოპერატორებს, რომლებიც დიდ ხარჯებს სწევენ ტელეარხების ლიცენზიების მოპოვებაში, იხდიან საავტორო უფლებების საფასურს, ქსელის ინფრასტრუქტურის ხარჯებს, ტექნიკურ მომსახურებას და გადასახადებს. არალეგალურ სერვისს ეს ხარჯები პრაქტიკულად არ აქვს, რის გამოც ბევრად დაბალ ფასს სთავაზობს მომხმარებელს.
ამ ფონზე სოციალური ქსელების და უცხოური ვებსაიტების საშუალებით გავრცელებული არალეგალური სატელევიზიო სერვისები ადგილობრივ ბაზარზე არათანაბარ კონკურენციას ქმნის.
დიდია ასევე სახელმწიფოს ეკონომიკური დანაკარგი. მაშინ როდესაც ლეგალური კომპანიები იხდიან გადასახადებს, ქმნიან სამუშაო ადგილებს და ინვესტიციას დებენ ინფრასტრუქტურაში, არალეგალური ქსელები ჩრდილოვან ეკონომიკაში მოქმედებენ, რაც სახელმწიფოს საგადასახადო დანაკარგსაც იწვევს.
კონტენტის არალეგალური მოხმარება უშუალოდ მომხმარებლისთვისაც შეიცავს საფრთხეებს.
ბევრი მომხმარებელი ფიქრობს, რომ ერთადერთი რისკი მომსახურების გათიშვაა, თუმცა რეალური საფრთხეები გაცილებით ფართოა.
უსაფრთხოების კვლევების მიხედვით, არალეგალური სტრიმინგის პლატფორმები ხშირად იყენებენ აგრესიულ რეკლამას, მავნე პროგრამების გავრცელებას, მომხმარებლის მონაცემების თვალთვალს და თაღლითურ გადამისამართებებს, მაღალია რისკი საბანკო მონაცემების მოპარვის. განსაკუთრებით მაღალია რისკი მაშინ, როდესაც ასეთი სერვისები უცნობ Android მოწყობილობებზე ან დაუცველ აპლიკაციებზე მუშაობს.
Europol-ისა და Eurojust-ის ერთობლივი საერთაშორისო ღონისძიებების შედეგად, ჩამოყალიბდა მთავარი რეკომენდაციები პრობლემის გადასაჭრელად. ესენია:
სერვერებისა და დომენების ერთდროული გათიშვა;
გადახდის სისტემების დაბლოკვა;
რეალურ დროში სპორტული ტრანსლაციების დაცვის მექანიზმები;
მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების კამპანიები.
ნათლად ჩანს, რომ არალეგალური სატელევიზიო სტრიმინგი დღეს უკვე მხოლოდ საავტორო უფლებების დარღვევის საკითხი აღარ არის. ევროპული მონაცემები ცხადყოფს, რომ ის მილიარდიანი ჩრდილოვანი ეკონომიკაა, რომელიც ამცირებს ოპერატორებისა და მაუწყებლების შემოსავლებს, აზიანებს სპორტისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის დაფინანსებას და მომხმარებლებს კიბერუსაფრთხოების დამატებით რისკებს უქმნის.
წყარო:
www.broadbandtvnews.com
www.euipo.europe.eu
www.agcom.it
www.ec.europa.eu
www.aapa.eu
www.europol.europa.eu



