კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებისა და საკაბელო ოპერატორების შეხვედრის დეტალები

მ/წლის 01 დეკემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებსა და საკაბელო ოპერატორებს შორის შედგა შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური, წევრები გიორგი ფრუიძე და ვახტანგ აბაშიძე.

შეხვედრაზე განხილული იყო მაუწყებლებსა და სატრანზიტო კომპანიებს შორის დავის დეტალები.  შეგახსენებთ, სამაუწყებლო კომპანიები „იმედი“, რუსთავი 2“, „მაესტრო“, „ჯიდიეს“, „მარაო“ და „კომედი“ მათი სიგნალის გავრცელებისთვის ითხოვენ თანხას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისგან. შეთავაზება მოიცავს გადასახადს  ყოველი აბონენტისთვის ექვსივე არხზე ერთდროულად.

ძირითად საკითხებში კომისიის წევრებსა და ოპერატორებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა. თუმცა ოპერატორებმა  რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე მაინც მიიღეს ინფორმაცია. კომისიის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ  დასახელებულ ტელეკომპანიებს მთელ რიგ სატელევიზიო პროგრამებზე არ გაჩნიათ უფლებები მესამე პირებს (ოპერატორებს) გადასცენ გადახვევა-დაპაუზების უფლებები. იმ ოპერატორებს, რომლებიც ასეთ მომსახურებას აწვდიან მომხმარებლებს, აეკრძალებათ ამ სერვისის გამოყენების უფლება იმ კონტენტზე, რომელზეც სათანადო ნებართვები არ დადასტურდება. ოპერატორებმა მიიღეს ასევე პირობა, რომ კომისია მათ დროულად გადასცემს იმ დოკუმენტაციას, რომლითაც უნდა დადგინდეს მაუწყებლების სატელევიზიო კონტენტის გავცელების ფლობა-არფლობის საკითხი.

შეხვედრის ფარგლებში, კომისიის წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია იმ სამართლებრივ საფუძლებთან დაკავშირებით, რომლებიც სატრანზიტო კომპანიებს უფლებას აძლევთ, არ შეაჩერონ გარკვეული მაუწყებლების ტრანზიტი. კერძოდ, მაუწყებლობის შესახებ კანონის (მუხ.401,პ.8) თანახმად, მაუწყებლებს ეკისრებათ ვალდებულება მოლაპარაკება აწარმოონ კეთილსინდისიერად. დასახელებული მაუწყებლების მხრიდან დაირღვა კანონის არაერთი მოთხოვნა, რომლებიც მოლაპარაკების პროცესში კეთილსინდისიერებას განსაზღვრავენ.  საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, მუხლი 401, პუნქტი 6: „მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შეუძლია უფასოდ, შესაბამისი მაუწყებლის ნებართვის გარეშე განახორციელოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებლის მაუწყებლობის ტრანზიტი, თუ მაუწყებელი დაარღვევს ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნულ კეთილსინდისიერების მოთხოვნას....“ შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირები იტოვებენ უფლებას ისარგებლონ ამ უფლებით და მ/წ 01 დეკემბრის შემდეგაც უფასოდ, შესაბამისი მაუწყებლის ნებართვის გარეშე განახორციელონ საერთო მაუწყებლების - „რუსთავი-2“, „იმედი“, „მაესტრო“-ს მაუწყებლობის ტრანზიტი.

შეხვედრის დასასრულს კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაურმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლებლად მიიჩნევს კომისიამ დაიწყოს მუშაობა, რათა შევიდეს კანონში ცვლილება და გაუქმდეს ე.წ. Must Carry -ის (სავალდებულო ტრანზიტი) პრინციპი. სავალდებულო ტრანზიტის პირობებში საკაბელო ოპერატორები ვალდებულნი არიან საერთო (საინფორმაციო) საეთერო მაუწყებლების სიგნალი გაავრცელონ უფასოდ. კანონი მაუწყებელს გარანტიას აძლევს, რომ მისი სიგნალი გავრცელდება როგორც უფასოდ, ასევე ფასის გადახდის საფუძველზე. ოპერატორებისთვის კი არანაირი კომპენსაცია არ არის დადგენილი. საკაბელო ოპერატორები მიიჩნევენ, რომ თუ მათი უფლებებიც შესაბამისად არ იქნება კანონით დაცული, ამ შემთხვევაში მათი ვალდებულება - უფასოდ მოემსახურონ მაუწყებლებს უნდა გაუქმდეს. შესაბამისად, კომისიის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მაუწყებლებს რაიმე ვალდებულებებს ვერ დაუდგენს, თუმცა შესაძლებლად თვლის გაუქმდეს Must carry და არ გამორიცხავს სწორედ ამ მიმართულებით დაიწყონ მუშაობა.

 

 

„საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი“

უკან