
ტელევიზორის ყურების ჩვევა მსოფლიოში სწრაფად იცვლება და ეს ცვლილება საქართველოსაც შეეხო. მაყურებლისთვის ტელევიზია უკვე მხოლოდ საკაბელო ან IPTV ქსელით მიღებული არხების ერთობლიობა აღარ არის. ინტერნეტის განვითარებამ და სმარტფონების, Smart TV-ებისა და სხვა დაკავშირებული მოწყობილობების გავრცელებამ მომხმარებელს შესაძლებლობა მისცა, სასურველ კონტენტს მისთვის მოსახერხებელ დროსა და მოწყობილობაზე უყუროს. სწორედ ამ ცვლილების ერთ-ერთი მთავარი გამოხატულებაა OTT (Over-the-Top) - ინტერნეტის საშუალებით სატელევიზიო და ვიდეოკონტენტის მიწოდება ტრადიციული სატელევიზიო ქსელის გამოყენების გარეშე.
OTT-ის განვითარება ტრადიციული სატელევიზიო ოპერატორებისთვის ახალი გამოწვევაა. მომხმარებლის ქცევის ცვლილებას ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანიებიც პასუხობენ და იწყებენ OTT სერვისების, აპლიკაციების, VOD პლატფორმებისა და მრავალეკრანიანი მომსახურებების განვითარებას.
საქართველოს ბაზრის ბოლო წლების მონაცემები ამ ცვლილებას კარგად ასახავს. 2020 წელს Pay TV ბაზრის დაახლოებით 76% IPTV ტექნოლოგიაზე მოდიოდა, 2025 წლისთვის კი მისი წილი დაახლოებით 87%-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში ტრადიციული კოაქსიალური საკაბელო ტელევიზიის წილი 3.6%-დან 1.8%-მდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სატელევიზიო ბაზრის ძირითადი ტრანსფორმაცია უკვე განხორციელდა - მომხმარებელი ტრადიციული საკაბელო ქსელებიდან IP-ზე დაფუძნებულ მომსახურებებზე გადავიდა.
თუმცა OTT ამ პროცესის შემდეგი ეტაპია. თუ IPTV-მ სატელევიზიო სიგნალის მიწოდების ტექნოლოგია შეცვალა, OTT ცვლის თავად მოხმარების მოდელს - მომხმარებელს აღარ სჭირდება კონკრეტულ ქსელთან ან ერთ მოწყობილობასთან მუდმივი კავშირი. სწორედ ამიტომ საინტერესოა, როგორ პასუხობენ ქართული ოპერატორები ამ ახალ რეალობას, რა პროდუქტებს სთავაზობენ მომხმარებლებს და როგორ იცვლება კონკურენცია Pay TV, IPTV და OTT სერვისებს შორის.
ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოს უმსხვილესი მოთამაშეების - მაგთიკომის და სილქნეტის სტრატეგია. OTT-ის განვითარებასთან ერთად ისინი აქტიურად გადავიდნენ ინტერნეტზე დაფუძნებული სატელევიზიო მომსახურებების განვითარებაზე.
მაგთიკომმა მომხმარებლებს შესთავაზა MAGTI TV PLAY - აპლიკაციაზე დაფუძნებული სატელევიზიო მომსახურება, რომლის გამოყენებაც ინტერნეტთან დაკავშირებული სმარტფონით ან სხვა თავსებადი მოწყობილობით არის შესაძლებელი. მომსახურება არ არის მიბმული მხოლოდ მაგთის IPTV ქსელზე და მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ქსელის მომხმარებლებისთვისაც. ამჟამად Magti TV Play-ის უფასო პაკეტში 10 არხია, ხოლო სტანდარტული ფასიანი პაკეტი 22 არხს მოიცავს.
ამასთან, მაგთიკომმა საკუთარი IPTV პლატფორმა დამატებითი OTT/VOD კონტენტითაც გააფართოვა. კინოთეატრ Cavea+-ის TV აპლიკაცია მაგთის IPTV მომხმარებლებს ყოველთვიური გადასახადის საფუძველზე წვდომას აძლევს ფილმებსა და სერიალებზე. კომპანიას ასევე აქვს Setanta Sports-ის ინტეგრირებული აპლიკაცია, რომელიც სპორტულ კონტენტზე წვდომას იძლევა. კომპანიის აბონენტების სრულიად უფასოდ ხელმისაწვდომია ასევე YouTube-ის აპლიკაციაც.
სილქნეტის შემთხვევაში OTT მიმართულება კიდევ უფრო მკაფიოდ არის გამოყოფილი. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს SILK TV OTT-ს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ქართული არხების ყურება ინტერნეტის საშუალებით, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთაც. სერვისი არ მოითხოვს აუცილებლად სილქნეტის ინტერნეტის გამოყენებას და ამჟამად 205-ზე მეტ არხზე წვდომას სთავაზობს მომხმარებელს.
სილქნეტი ასევე ავითარებს Silk Go აპლიკაციას, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს Silk TV-ის არხების და ვიდეოთეკის ყურება სხვადასხვა მოწყობილობაზე შეუძლია. გარდა ამისა, კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს სპეციალურ შეთავაზებებს, მათ შორის Megogo-ს სატელევიზიო და კინო პაკეტს. TV და კინო პაკეტში შესული ფილმების და სერიალების დიდი ნაწილი ქართულადაა გახმოვანებული.
საქართველოს ბაზარზე OTT-ს განვითარება მხოლოდ ბაზრის ორ უმსხვილესი კომპანიით არ შემოიფარგლება, თუმცა მცირე და საშუალო ოპერატორების შემთხვევაში მიდგომა განსხავებულია. ისინი ძირითადად ცალკე OTT პლატფორმის შექმნის ნაცვლად IPTV-ს ამდიდრებენ სტრიმინგითა და VOD აპლიკაციებით და ციფრულ კონტენტს საკუთარ TV BOX-ში აერთიანებენ. ამის მაგალითია ახალი ქსელები. კომპანიამ IPTV პლატფორმაში მოახდინა 1TVPlAY-ს ინტეგრაცია , რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს საზოგადოებრივი მაუწყებლის ციფრულ კონტენტს პირდაპირ TVBox-დან, დამატებითი მოწყობილობების გარეშე დაუკავშირდეს. ასევე მომხმარებელს სთავაზობს Setanta Sports და ივი კონოთეატრს.
OTT-ს განვითარებით იცვლება კონკურენციის ლოგიკა. ადრე ოპერატორები ძირითადად ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს არხების რაოდენობით, პაკეტის ფასითა და ქსელის დაფარვით. დღეს კი კონკურენცია სულ უფრო მეტად გადადის მობილურობაზე, მრავალეკრანიანობაზე, აპლიკაციებზე, VOD კონტენტზე და მომხმარებლისთვის ნებისმიერ ადგილას ტელევიზიის მიწოდებაზე. პროცესი ნელა, მაგრამ სტაბილურად მიმდინარეობს.
ამ პროცესის შედეგად IPTV და OTT ერთმანეთის მხოლოდ კონკურენტები აღარ არიან. უფრო სწორი იქნება მათი განხილვა როგორც ერთმანეთთან გადაჯაჭვული მომსახურებებისა: IPTV უზრუნველყოფს ტრადიციული სატელევიზიო პაკეტის ძირითად ნაწილს, ხოლო OTT ამატებს მოქნილობას, მობილურობასა და მოთხოვნისამებრ კონტენტს.
საქართველოს სატელევიზიო ბაზრის შემდეგი ეტაპი, სავარაუდოდ არა OTT-ს სწრაფი გაფართოება, არამედ IPTV-სა და OTT-ს კიდევ უფრო მეტად შერწყმა იქნება. მომავალში ოპერატორებისთვის მთავარი კონკურენცია მხოლოდ არხების რაოდენობასა და სააბონენტო ფასზე აღარ იქნება. მომხმარებელი სულ უფრო მეტად მოითხოვს კონტენტზე წვდომას ნებისმიერ დროსა და მოწყობილობაზე, რის გამოც მნიშვნელობას შეიძენს საკუთარი OTT აპლიკაცია, SmartTv- ზე ხელმისაწვდომობა, მობილური მოწყობილობებიდან ყურება, არქივი, VOD და სხვა სტრიმინგ პლატფორმის ერთ სივრცეში გაერთიანება.
ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჰიბრიდული მოდელი. მსხვილი ოპერატორებისთვის OTT შეიძლება გახდეს არა მხოლოდ დამოუკიდებელი პროდუქტი, არამედ არსებული სატელევიზო მომსახურების გაფართოების საშუალება. ბაზრის სტრუქტურაც ამის წინაპირობას იძლევა. 2026 წლის I კვარტლის მონაცემებით IPTV ბაზარი მნიშვნელოვნად კონცეტრირებულია ორ მსხვილ ოპერატორზე. ბაზრის 52,8 მაგთიკომს, 38,8% კი სილქნეტს უკავია, ხოლო სხვა ოპერატორების ერთობლივი წილი 8,7%-ია.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტრადიციული საკაბელო ტელევიზიის როლი კიდევ უფრო შემცირდება.
ტრადიციული საკაბელო ოპერატორების განვითარება შესაძლებელია არა მხოლოდ იმ მიმართულებით, რომ შექმნან საკუთარი ინფრასტრუქტურა, რაც დიდ ინვესტიციასთან არის დაკავშირებული, არამედ მესამე მხარის OTT პლატფორმა აქციონ თავიანთ პარტნიორად და დაამატონ საკუთარ შეთავაზებაში. მაგალითად სპორტული, კინო ან სხვა სტრიმინგ აპლიკაციები. მცირე ოპერატორების ძლიერი მხარე ხშირად სწრაფი ტექნიკური მომსახურება, მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაცია და მოქნილი ტარიფებია. შესაბამისად OTT ეპოქაში მცირე ოპერატორებისთვის, კონკურენტული პოზიციები შეიძლება შენარჩუნდეს პარტნიორობით, მოქნილი პაკეტებით, მომხმარებელთან ახლო ურთიერთობით. საუკეთესო ვარიანტში ამ ტიპის ოპერატორებისთვის ხსნა ციფრულ პლატფორმებზე დროული გადასვლაა.
ბაზრის ანალიზი გვიჩვენებს, რომ საქართველოში OTT-ს განვითარება არ ნიშნავს ტრადიციული ტელევიზიის დასასრულს, ის უფრო მეტად ფასიანი ტელევიზიის ბაზრის გარდაქმნის პროცესია. ოპერატორებისთვის გრძელვადიანი წარმატების მთავარი ფაქტორი სწორედ თანამედროვე ციფრულ მოთხოვნებთან ადაპტაციაა.
თეონა ბერუაშვილი
აღმასრულებელი დირექტორი,
საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების ასოციაცია
წყარო:
https://comcom.ge/ge/
https://analytics.comcom.ge/
https://www.magticom.ge/
https://silknet.com/
https://ak.ge/



