პოლონეთის სატელევიზიო ბაზრის ტრანსფორმაცია: OTT - ტრადიციული საკაბელო ტელევიზიის კონკურენტიც და პარტნიორიც

 

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პოლონეთის სატელევიზიო ბაზარი მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის, თუმცა, აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ზოგიერთი ბაზრისგან განსხვავებით, ეს ცვლილება არ გამოიხატება ტრადიციული ფასიანი ტელევიზიის სწრაფ გაქრობაში. პირიქით - პოლონეთში Pay TV კვლავ მოთხოვნადი სერვისია, თუმცა იცვლება მისი ტექნოლოგიური საფუძველი, შეთავაზების ფორმა და რაც მთავარია, მომხმარებლის დამოკიდებულება ტელევიზიის მიმართ.

ტრადიციული საკაბელო და თანამგზავრული ტელევიზია თანდათან კარგავს იმ პოზიციას, რომელიც მას წლების განმავლობაში ჰქონდა. მის გვერდით სწრაფად იზრდება IPTV, OTT და SVOD, ხოლო თავად ფასიანი ტელევიზიის ოპერატორები ცდილობენ აღარ იყვნენ მხოლოდ სატელევიზიო არხების მიმწოდებლები და გადაიქცნენ პლატფორმებად, რომლებიც მომხმარებელს ერთ სივრცეში სთავაზობენ ტელევიზიას, ინტერნეტს, VOD-ს, სტრიმინგს და OTT სერვისებს.

2024 წლის მონაცემებით პოლონეთში 5,6 მილიონი შინამეურნეობა სარგებლობდა საკაბელო ტელევიზიით. ამ ბაზრის 58,5% მოდის სამ დიდ ოპერატორზე - Play/UPC, Vectra, Orange. დანარჩენ წილს სხვა, მათ შორის მცირე და რეგიონულ საკაბელო ოპერატორები იკავებენ, რომელთა უმრავლესობაც ასევე ამატებს ინტერნეტს, რადგან მხოლოდ სატელევიზიო მომსახურების ბიზნესმოდელი ეკონომიკურად სულ უფრო ნაკლებად სიცოცხლისუნარიანი ხდება და ძირითადი შემოსავალი ფართოზოლოვან ინტერნეტზე მოდის.

პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლის - UKE-ის - ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ ფასიანი ტელევიზია ქვეყანაში ჯერ კიდევ მაღალი შეღწევადობით გამოირჩევა.

2022 წელს ფასიანი ტელევიზიის მომსახურებით დაახლოებით 10.83 მილიონი მომხმარებელი სარგებლობდა. ბაზრის წლიურმა შემოსავალმა დაახლოებით 6.79 მილიარდი ზლოტი შეადგინა.

2023 წელს ფასიანი სატელევიზიო მომსახურება პოლონეთის შინამეურნეობების დაახლოებით 75%-ში იყო წარმოდგენილი, ხოლო ბაზრის შემოსავალმა დაახლოებით 6.8 მილიარდ ზლოტს მიაღწია.

2024 წელს Pay TV-ის შეღწევადობა კიდევ გაიზარდა და 76.3% შეადგინა, ხოლო ბაზრის შემოსავალი დაახლოებით 6.9 მილიარდ ზლოტამდე ავიდა.

შესაბამისად, პოლონეთის ბაზრის მნიშვნელოვანი თავისებურება ისაა, რომ OTT-ს სწრაფი გავრცელების მიუხედავად, ტრადიციული ფასიანი ტელევიზიის ბაზა ჯერჯერობით არ ჩამოშლილა.

თუ მხოლოდ ფასიანი ტელევიზიის საერთო მაჩვენებელს შევხედავთ, ბაზარი საკმაოდ სტაბილურად გამოიყურება. მაგრამ ტექნოლოგიების მიხედვით დაყოფა სრულიად განსხვავებულ სურათს აჩვენებს.

მთავარი დანაკარგი თანამგზავრულ ტელევიზიაზე მოდის. 2020 წელს ფასიანი ტელევიზიის მომხმარებელთა ნახევარზე მეტი ჯერ კიდევ თანამგზავრულ ტელევიზიაზე მოდიოდა, თუმცა UKE უკვე მაშინ მიუთითებდა თანამგზავრული პლატფორმების წილის თანდათან შემცირებაზე. ბოლო 5 წელიწადში ამ ტიპის ტელევიზიამ რამდენიმე ნიშნულით დაკარგა პოზიციები და ეს ტენდენცია კვლავაც გრძელდება.

საკაბელო ტელევიზია უფრო მდგრადი აღმოჩნდა. თანამგზავრული ტელევიზიისგან განსხვავებით, კლასიკური საკაბელო ქსელები გაცილებით სტაბილურად ინარჩუნებენ მომხმარებლებს.

UKE-ის მონაცემებით, 2023 წელს საკაბელო ქსელები დაახლოებით 4 მილიონ შინამეურნეობას ემსახურებოდა.

ბოლო წლების მონაცემებში საკაბელო Pay TV-ის წილი დაახლოებით 36-38%-ის დიაპაზონში მერყეობდა და UKE-ის პროგნოზით საშუალოვადიან პერიოდში მკვეთრი შემცირება მოსალოდნელი არ არის.

პოლონეთის სატელევიზიო ბაზრის ერთ-ერთი მთავარი სტრუქტურული ცვლილება ის არის, რომ მომხმარებელი ფასიან ტელევიზიას კი არ აუქმებს, არამედ იცვლის მისი მიღების ტექნოლოგიას.

OTT-ს ზრდას პოლონეთში საკაბელო ტელევიზიის მასობრივი გაუქმება არ გამოუწვევია, თუმცა აიძულა საკაბელო ოპერატორები შეეცვალათ თვითონ პროდუქტი.

თანამედროვე საკაბელო შეთავაზება სულ უფრო ნაკლებად ნიშნავს უბრალოდ 100, 150 ან მეტ სატელევიზიო არხს. მისი ღირებულება გადადის სხვა სერვისებზე - Replay TV, Catch-up, VOD, მრავალ მოწყობილობაზე ყურება, მობილური აპლიკაცია, Smart TV, cloud ფუნქციები და OTT პლატფორმებთან ინტეგრაცია.

შედეგად, ტექნოლოგიურად შესაძლოა მომხმარებელი კვლავ საკაბელო ოპერატორის აბონენტი იყოს, მაგრამ მომსახურების გამოყენების თვალსაზრისით იღებდეს რამდენიმე სერვისს ერთდროულად და არა მხოლოდ სატელევიზიო არხებს.

ამ პროცესში განსაკუთრებით საინტერესოა IPTV. თუ მომხმარებლისთვის ადრე არჩევანი ძირითადად იყო საკაბელო ან თანამგზავრული ტელევიზია, დღეს ტელევიზიის მიწოდება სულ უფრო მეტად გადადის ფართოზოლოვან ინფრასტრუქტურაზე.

2022 წელს IPTV-ს ფასიანი ტელევიზიის მომხმარებლების უკვე 16% იყენებდა.

ამის განვითარებისთვის პოლონეთში ინფრასტრუქტურული საფუძველიც არსებობს.

2024 წლისთვის ფიქსირებული ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობამ 9.8 მილიონს მიაღწია, რაც ერთ წელიწადში 3.2%-იანი ზრდა იყო. ამავე დროს, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი პოლონეთის შინამეურნეობების 83.6%-ს ფარავდა. ეს IPTV-სა და OTT-ს ზრდისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

რაც უფრო სწრაფი და სტაბილურია ფიქსირებული ინტერნეტი, მით ნაკლებად არის ტელევიზიის მომსახურება დამოკიდებული კონკრეტულ ტრადიციულ სადისტრიბუციო ტექნოლოგიაზე.

პოლონელები დღეს OTT-ს უკვე ჩვეულებრივ სატელევიზიო პროდუქტად აღიქვამენ.
2025 წლის VideoTrack-ის კვლევის მიხედვით, ფასიანი სტრიმინგის მომხმარებლებს შორის ლიდერი მკვეთრად იყო გამოკვეთილი: Netflix - 73%. შემდეგ მოდიოდა: Max - 27%, Prime Video - 24%, Disney+ - 23%, Canal+ - 13%.

აქ საინტერესო სწორედ ის არის, თუ სად ყიდულობენ მომხმარებლები ამ სერვისს. ფასიანი ტელევიზიის მომხმარებლების დაახლოებით 35% სტრიმინგ პლატფორმაზე წვდომას სწორედ Pay TV ან სატელეკომუნიკაციო ოპერატორის საშუალებით ყიდულობს. ეს ფაქტობრივად ცვლის წარმოდგენას, თითქოს OTT აუცილებლად ფასიანი ტელევიზიის მტერია.

ოპერატორისთვის Netflix, Max ან Disney+ შეიძლება კონკურენტიც იყოს და ამავე დროს პროდუქტის ნაწილი.

პოლონეთის ფასიანი ტელევიზიის ბაზრის ახალი მოდელი ასეთია - თუ ვერ დაამარცხებ OTT-ს, გაყიდე OTT. ეს არის პოლონეთის ბაზარზე ბოლო ხუთი წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესცვლილება.

Pay TV ოპერატორის ამოცანა აღარ არის მომხმარებელი Netflix-ისგან „დაიცვას". ამის ნაცვლად იგი ცდილობს Netflix-იც თავად მიჰყიდოს.

ამ მოდელში მომხმარებელს შეუძლია ერთი პროვაიდერისგან მიიღოს: ინტერნეტი; ტრადიციული სატელევიზიო არხები; IPTV; VOD; გადახვევის სერვისი; სპორტული კონტენტი; Netflix; Max; Disney+; და სხვა სტრიმინგ სერვისები.

შესაბამისად, იცვლება თვითონ კონკურენციის ლოგიკა.

ოპერატორი აღარ ცდილობს მხოლოდ სატელევიზიო პაკეტის გაყიდვას - ის ცდილობს გახდეს მომხმარებლის მთავარი ვიდეოაგრეგატორი.

ყველაზე დიდი ცვლილება ტელევიზორის ეკრანზე ხდება.

მომხმარებლის მიერ ტელევიზორთან გატარებული დრო არ იცვლება. იცვლება ის, თუ რას უყურებს ამ ეკრანზე. სწორედ ამისთვის იბრძვის ყველა პლატფორმა, რომ მისი ყურებადობის წილი დიდ ეკრანზე უფრო მეტი იყოს.

Nielsen-ის მონაცემებით Netflix და YouTube-ის მოხმარება სულ უფრო მეტად გადადის ტელევიზორის ეკრანზე.

2024 წელს Netflix-ის მოხმარების დაახლოებით 80% ტელევიზორის ეკრანზე მოდიოდა, 2025 წელს კი ეს მაჩვენებელი 84%-მდე გაიზარდა. შესაბამისად ტელევიზორის ეკრანზე მთლიანი ვიდეოყურების 1,8% სწორედ Netfilx-ზე მოდის.

მსგავსი ცვლილება მიმდინარეობს YouTube-ის შემთხვევაშიც. 2024-2025 წლებში YouTube-ის ტელევიზორის ეკრანზე მოხმარების მაჩვენებელი 27%-დან 29%-მდე გაიზარდა. საერთო ვიდეოყურების 2,4% სწორედ YouTube-ზე მოდის.

ამრიგად, ორი საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა ერთად უკვე ტელევიზორის ეკრანზე გატარებული დროის დაახლოებით 4%-ს აკონტროლებს.

შესაბამისად თუკი ადრე მომხმარებლის პოზიცია იყო - „Netflix-სთვის ტელევიზორი აღარ მჭირდება", ნელ-ნელა ეს მიდგომა იცვლება და ახლა მომხმარებელი ამბობს - „Netflix-ს სწორედ ტელევიზორში ვუყურებ".

ეს მიდგომა ნათლად გვაჩვენებს, რომ მოსახლეობაში ტელევიზორის მოხმარება არ მცირდება, იცვლება ის, თუ რას უყურებენ მის ეკრანზე.

პოლონეთის სატელევიზიო ბაზრის ბოლო ხუთი წელი გვიჩვენებს ერთი შეხედვით პარადოქსულ პროცესს: OTT სწრაფად იზრდება, მაგრამ Pay TV არ ქრება.

იცვლება არა იმდენად ტელევიზორის არსებობა, რამდენადაც მისი მნიშვნელობა.

მომხმარებელი კვლავ რამდენიმე საათს ატარებს დიდ ეკრანთან, მაგრამ აღარ სურს მთლიანად დამოკიდებული იყოს პროგრამის ბადეზე. მას სურს პირდაპირი ეთერიც და მოთხოვნით კონტენტიც; ადგილობრივი არხებიც და Netflix-იც; სპორტიც და YouTube-იც.

სწორედ ამიტომ ტრადიციული საკაბელო ოპერატორის მთავარი კონკურენტი მომავალში შეიძლება არა სხვა საკაბელო კომპანია, არამედ ნებისმიერი პლატფორმა იყოს, რომელიც მომხმარებლის ეკრანთან გატარებული დროის ნაწილს მიიღებს. ამავე მიზეზით OTT ტრადიციული ოპერატორისთვის მხოლოდ საფრთხეც აღარ არის. ის შეიძლება გახდეს მისი პროდუქტის ნაწილი.

ამიტომ პოლონეთში მიმდინარე ტრანსფორმაციის მთავარი შედეგი არის არა „ტელევიზიის დასასრული", არამედ გადასვლა არხების დისტრიბუციის ბიზნესიდან ვიდეოპლატფორმების ბიზნესზე.

სწორედ ამ ცვლილებაზე იქნება დამოკიდებული, ვინ შეინარჩუნებს მომხმარებელთან უშუალო ურთიერთობას მომდევნო წლებში - მაუწყებელი, საკაბელო/IPTV ოპერატორი თუ გლობალური სტრიმინგ პლატფორმა.

წყარო:
www.uke.gov.pl
www.nielsen.com
www.kim.gov.pl
www.telecomrader.pl

 

 

უკან