მაისის თვეში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა კომპანიებმა მოულოდნელად კომპანია „მედია რაითს ჯორჯია"-გან („GMR" ) მიიღეს ულტიმატუმის ენაზე შედგენილი წერილი, რომლითაც კომპანია იტყობინება რომ მალე მიიღებენ უფლებებს ტელეარხების „რუსთავი 2", „კომედი არხი", „მარაო", „იმედი", „მაესტრო", „ჯიდიეს"-ის კომერციულ დისტრიბუციასთან დაკავშირებით, და თუ ოპერატორები ამ კომპანიას არ მიმართავენ მ/წ 20 მაისამდე ხელშეკრულების გასაფორმებლად, შეუწყდებათ უფლება სიგნალის ტრანზიტზე.
საკაბელო ოპერატორები აცხადებენ, რომ ისინი არ დაეთანხმებიან „მედია რაითს ჯორჯია“-ს მოთხოვნებს. მათ შეიმუშავეს საერთო მიმართვა 6 ქართული ტელეკომპანიისა და კომპანია GMR-სადმი, რომელსაც გთავაზობთ ქვემოთ.
მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების
საერთო მიმართვა
შპს GMR-ს
ტელეკომპანიებს - „იმედი“; „მაესტრო“;
„რუსთავი-2“; „კომედი არხი“; „მარაო“; ჯი-დი-ეს“
მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს წერილობითი შეტყობინება, რომ უახლოეს პერიოდში შპს GMR მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას ტელეარხების - იმედი; მაესტრო; რუსთავი-2; კომედი არხი; მარაო; ჯიდიესი-ს მიერ წარმოებული კონტენტის კომერციულ დისტრიბუციასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს რომ საკაბელო ოპერატორებისგან ტელეარხების სიგნალის გავრცელების სანაცვლოდ მოითხოვენ ანაზღაურებას. შეტყობინებაში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მითითებულია, რომ ვინც 20 მაისამდე არ მიმართავს კომპანია GMR-ს, მითითებული ტელეარხების ტრანსლირების უფლება შეუწყდებათ 01 ივნისიდან. წერილის შინაარსიდანვე ირკვევა, რომ კომპანია GMR ამ ეტაპისთვის არ ფლობს არანაირ უფლებას, წაუყენოს რაიმე სახის მოთხოვნა ავტორიზებულ პირებს და მოსთხოვოს მათ ტელეარხების ტრანსლირების შეწყვეტა. შესაბამისად, არ ვცნობთ და არ ვიღებთ შესასრულებლად მიღებულ შეტყობინებას.
ამასთან ერთად, როგორც არ უნდა განვითარდეს სამართლებრივი ურთიერთობა თავად სამაუწყებლო კომპანიებსა და შპს GMR-ს შორის, ჩვენი კატეგორიული გადაწყვეტილებაა, რომ არ დავეთანხმებით შეტყობინებაში მითითებული ტელეკომპანიების სიგნალის ტრანზიტისთვის გადასახადის დაწესებას. იმ შემთხევაში, თუ თქვენი მხრიდან არ შეიცვლება პოზიცია, ჩვენ მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას არხების სიგნალის გათიშვასთან დაკავშირებით.
გთხოვთ, საბოლოო ნაბიჯის გადადგმამდე გაითვალისწინოთ რომ, საკაბელო ოპერატორები ხელს უწყობენ სამაუწყებლო კომპანიებს სიგნალის გავრცელებაში საქართველოს მასშტაბით, რაც უშუალოდ განსაზღვრავს არხების ყურებადობის მაჩვენებელს და სარეკლამო ბაზრის მასშტაბებს. კერძო ტელეკომპანიების შემოსავალს წარმოადგენს კომერციული რეკლამა, რომელიც გათვლილია საქართველოს მოსახლეობაზე. ტელეარხზე რეკლამის განთავსების ძირითად ინდიკატორს წარმოადგენს მაუწყებლის გავრცელების არეალი და ყურებადობა, რაშიც ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს სწორედ სატრანზიტო კომპანიები ასრულებენ. ამრიგად, საკაბელო ოპერატორი გიწევთ რა მომსახურებას ქართულ ტელეარხებს სიგნალის გავრცელებაში, გეხმარებათ მიიღოთ შემოსავალი და ამისათვის თანხაც უნდა გადაიხადოს? რა თქმა უნდა ეს ყოველგვარ საღ აზრს მოკლებულია. მეტი სიცხადისთვის განვმარტავთ, რომ ყველა უცხოური ფასიანი ტელეარხი, რომლებიც საკაბელო ტელევიზიების პაკეტშია განთავსებულია, გვთავაზობენ სპეციალურ ვერსიებს, რომლებიც შექმნილია საერთაშორისო ბაზრისთვის. ისინი ქმნიან სატელევიზიო პროდუქტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი საკაბელო ოპერატორებისთვის, რომელთა დაინტერესებაც არ არის რეკლამიდან მიღებული შემოსავალი და უმეტესად ისინი თავისუფალია სარეკლამო ჭრებისგან.
გარდა ამისა, შეტყობინებაში მითითებული სამი ტელეკომპანია იმედი; მაესტრო და რუსთავი-2 წარმოადგენთ საერთო მაუწყებელს, რომლებიც სარგებლობთ სავალდებულო ტრანზიტის მოთხოვნის უფლებით (ე.წ. Must Carry), რაც გულისხმობს იმას, რომ „საერთო მაუწყებლებს უფლება აქვთ მოსთხოვონ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, სატელევიზიო არხი განათავსონ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში“. ამავე დროს საქართველოს კანონის „მაუწყებლობის შესახებ“ მე-401 მუხლის I ნაწილი გართმევთ უფლებას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისგან მოითხოვოთ ანაზღაურება სატელევიზიო სიგნალის ტრანზიტის სანაცვლოდ. ხოლო ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში, ტრანზიტორ კომპანიას უფლება აქვს უარი თქვას საერთოდ სატელევიზიო არხის განთავსებაზე. კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, არაერთმა კერძო მაუწყებელმა მოახდინა ლიცენზიის მოდიფიცირება და გახდა საერთო მაუწყებელი, სწორედ იმისთვის, რომ კანონის ძალით მოეთხოვათ სატრანზიტო ოპერატორებისთვის, განეთავსებინათ ტელეარხები ყველა სამომხმარებლო პაკეტში. ოპერატორებისგან უარის შემთხვევაში, ისინი მიმართავენ საჩივრით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და ამ გზით აიძულებენ საკაბელო ტელევიზიებს გაავრცელონ მათი სატელევიზო პროგრამები.
აქვე გვინდა შეგახსენოთ, რომ საკაბელო ტელევიზიების შექმნის დღიდან, ყველა მაუწყებლის მთავარ ინტერესს წარმოადგენდა საკაბელო ოპერატორების პაკეტში მოხვედრა. გვახსოვს არაერთი შემთხვევა, როდესაც საკაბელო ოპერატორმა გათიშა ქართული ტელეარხი და ამას მოჰყვა მძაფრი რეაქციები თავად მაუწყებელთა ხელმძღვანელობის მხრიდან. საინტერსოა, ახლა აღარ წარმოადგენს თქვენს ინტერესს და აღარ აქვს მნიშვნელობა, იქნებიან თუ არა ტელეარხები განთავსებული საკაბელო ოპერატორების პაკეტებში?
განვმარტავთ, რომ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირები, სააბონენტო გადასახადს ვიღებთ ტექნიკურ მომსახურებაში. არც ერთი აბონენტი ქართული ტელეარხების საყურებლად არ ირჩევს საკაბელო ტელევიზიის მომსახურებას. ამის საშუალება მათ უფასოდაც აქვთ მთელი ქვეყნის მასშტაბით მულტიფლექს ან/და თანამგზავრული სისტემების გამოყენებით. თქვენი სიგნალი ყველა მოქალაქესთან რომ მივიდეს, ამაში თავად იხდით სოლიდურ თანხებს. უცნაურია, მაგრამ ახლა საკაბელო ოპერატორებს სთხოვთ გადასახადს იმაში, რომ თქვენი სატელევიზიო სიგნალი გაავრცელონ. ეს ყველაფერი სრულიად ალოგიკურია. ეს ნიშნავს, რომ იმ თანხების ამოღებას, რომელსაც ხარჯავთ, რომ სატელევიზიო პროგრამების თავისუფლად ვრცელდებოდეს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, აპირებთ ამოიღოთ საკაბელო ოპერატორებისგან და უშუალოდ მოსახლეობისგან, რადგან ფასიან ტრანზიტზე შეთანხმება ავტომატურად გამოიწვევს სააბონენტო ტარიფის შესაბამისად გაზრდას, რაც თავის მხრივ აისახება მოსახლეობაზე და შედეგად მივიღებთ მათ დიდ უკმაყოფილებას.
კიდევ უფრო მეტი სიცხადისთვის, გეტყვით, რომ აბონენტები ირჩევენ საკაბელო ოპერატორების მომსახურებას მსოფლიოს წამყვანი ტელეარხების საყურებლად, რომლის მიღების საშუალებაც მათ სხვა გზებით არ აქვთ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ წერილში მითითებული გარემოებები და შეცვალოთ თქვენი პოზიცია. სხვა შემთხვევაში, შეტყობინებაში მითითებული სატელევიზიო კომპანიების სიგნალი გაითიშება ყველა ხელმომწერი საკაბელო ოპერატორის ქსელიდან.