28-29 სექტემბერს სომხეთში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია - კავკასიის საკაბელო ტელევიზიების დღეები

მ/წლის 28-29 სექტემბერს სომხეთში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების დღეები - მიღწევები, პერსპექტივები და გამოწვევები.

ერევანში ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საკაბელო და ციფრული მაუწყებლობის პროფესიული გაერთიანებების ხელმძღვანელები, წამყვანი სპეციალისტები და ექსპერტები სომხეთიდან, რუსეთიდან, საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები და პრეზენტაციები შემდეგ თემებზე:

„საკაბელო ტელევიზიების განვითარება სომხეთში. მახასიათებლები და საყურადღებო ეტაპები". „თანამედროვე გამოწვევების და ამოცანების პირობები. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა სომხეთში, საკაბელო ტელევიზიების პრობლემების ანალიზი და დასკვნები". „ინტერნეტ მაუწყებლობის ეფექტი საკაბელო ტელევიზიებისთვის". „პირატობასთან და არასანქცირებულ მაუწყებლობასთან ბრძოლა". „ქართული და სომხური ტელევიზიების კონტენტის შეთავაზება საერთაშორისო საკაბელო ოპერატორების ბაზრისთვის. გავრცელების პრობლემები და დარგის ეროვნული ასოციაციების ურთიერთდახმარება". „Must Carry-ს პრინციპი - საქართველოს გამოცდილება, ტელევიზიების და საკაბელო ოპერატორების ურთიერთდამოკიდებულების პრობლემები".

დისკუსიაზე განხილული იქნება საკანონმდებლო და დარგის სამართლებრივი რეგულირების საკითხები, დისტრიბუციის პრობლემები და წვდომა რუსულ და რუსულენოვან კონტენტთან.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საკაბელო ტელემაუწყებლების სომხეთის ასოციაცია, რუსეთის საკაბელო ტელევიზიების ასოციაცია, და საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი.

უკან