
დიდი ბრიტანეთის სატელევიზიო ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და კონკურენტულია მსოფლიოში. მისი მაგალითი კარგად აჩვენებს როგორ ცვლის OTT პლატფორმების განვითარება ტრადიციულ ტელევიზიას, როგორ იცვლება მომხმარებელთა ქცევა და რა სტრატეგიას მიმართავენ ოპერატორები პოზიციების შესანარჩუნებლად.
2023-2026 წლებში დიდი ბრიტანეთის სატელევიზო ბაზარიც მკვეთრი ტრანსფორმაციის ეტაპზე შევიდა.
დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 29 მილიონი ოჯახია, საიდანაც დაახლოებით 10-11 მილიონი ოჯახი კვლავ იყენებს ტრადიციულ ფასიან ტელევიზიას (Pay TV - Sky, Virgin Media, EE TV და სხვ.); 68-69% მინიმუმ ერთი ონლაინ პლატფორმის მომხმარებელია (Netflix, Amazon Prime Video, Disney+ და სხვ.).
დიდი ბრიტანეთის ფასიანი ტელევიზიის აბონენტთა რიცხვი ბოლო წლებში კლების ტენდენციას განიცდის. 2023 წელს დაახლოებით 12,5 მილიონი აქტიური აბონენტი იყო, ეს რიცხვი 2026 წელს 11 მილიონამდე შემცირდა, რისი ძირითადი მიზეზიც OTT პლატფორმების ზრდაა.
ქვეყნის უმსხვილეს ფასიანი ტელევიზიის ოპერატორად კვლავ SKY რჩება, რომელსაც ბაზრის დაახლოებით 70% უჭირავს.
დიდ ბრიტანეთში ტელევიზია, როგორც წესი, იყიდება ინტერნეტთან ერთად.
საშუალო ყოველთვიური გადასახადები:
საბაზისო სატელევიზიო პაკეტი - £20-35
ტელევიზია + ინტერნეტი - £40-70
სპორტისა და კინოს სრული პაკეტები - £80-120+ თვეში.
Sky Sports-ის, TNT Sports-ისა და Cinema პაკეტების დამატება ყოველთვიურ გადასახადს მნიშვნელოვნად ზრდის. Ofcom-ის მონაცემებით, პრემიუმ პაკეტების ფასები ბოლო წლებში ეტაპობრივად გაიზარდა.
აბონენტების რაოდენობის შემცირების ფონზე ბრიტანელმა ოპერატორებმა საბაზისო პაკეტები გააიაფეს, რათა მომხმარებლების შეენარჩუნებინათ, ხოლო სპორტული და პრემიუმ კონტენტის ღირებულება მაღალი დარჩა ან გაიზარდა, რადგან სწორედ ეს კონტენტია Pay TV-ს მთავარი კონკურენტული უპირატესობა OTT პლატფორმებთან შედარებით.
სწრაფად იცვლება ტელევიზიის მოხმარების სტრუქტურაც.
2023 წლიდან 2026 წლამდე ტრადიციული ტელევიზიის ყურებადობა დაახლოებით 3-5%-ით არის შემცირებული. თუმცა კლება უფრო ნელი გახდა, ვიდრე წინა წლებში. პარალელურად გაიზარდა სტრიმინგისა და ონლაინ ვიდეო პლატფორმების მოხმარება.
ბაზარი სულ უფრო მეტად გადადის ე.წ. ჰიბრიდულ მოდელზე, სადაც მაყურებლები ერთდროულად იყენებენ როგორც ტრადიციულ ფასიან ტელევიზიას, ისე OTT პლატფორმებს. მთავარი ფაქტორი, რაც მაყურებელს ტრადიციულ ტელევიზიასთან აკავშირებს, სპორტული ტრანსლაციებია, რომელიც დროებით მაგრამ ძლიერ გავლენას ახდენს ტელევიზიის ყურებადობაზე. მაგ. 2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა 15 მილიონამდე მაყურებელი მიიზიდა.
ყველაზე მსხვილი ოპერატორის - Sky-ს მაგალითს თუ განვიხილავთ - მან ტრადიციული სატელევიზიო სერვისის ნაცვლად განავითარა Sky Stream და Sky Glass, რომლებიც მთლიანად ინტერნეტით მუშაობს. ერთ ინტერფეისში გააერთიანა Netflix, Disney+, Discovery+, Prime Video და Sky-ის კონტენტი. შექმნა იაფი Essential TV პაკეტი, რათა შეენარჩუნებინა ფასზე მგრძნობიარე მომხმარებელი. შედეგად Sky აღარ ყიდის მხოლოდ ტელევიზიას, ის გახდა სხვადასხვა სტრიმინგ სერვისის აგრეგატორი.
მსგავს პრაქტიკას აჩვენებენ სხვა ოპერატორებიც, რაც მიანიშნებს იმას, რომ ისინი კი არ ებრძვიან Netflix ან/და სხვა OTT პლატფორმებს, არამედ თავიანთ პლატფორმებში ინტეგრირებენ მათ. ისინი აღარ ყიდიან მხოლოდ სატელევიზო არხებს. ისინი ყიდიან გასართობ სისტემას ერთ გამოწერაში - ინტერნეტი+ტელევიზია+სტრიმინგი+სპორტი.
დიდი ბრიტანეთის გამოცდილება აჩვენებს, რომ სატელევიზიო ინდუსტრიის მომავალ არა ტრადიციული ტელევიზიის გაქრობა, არამედ მისი ციფრულ პლატფორმებთან ინტეგრაციაა. სწორედ ამიტომ OTT პლატფორმების განვითარება დღეს უკვე არა დამატებითი სერვისი, არამედ ოპერატორების კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების აუცილებელი მიმართულებაა.
წყარო:
www.ofcom.org.uk
www.broadcastnow.co.uk
www.theguardian.com
www.reuters.com
www.tvbeurope.com
www.gov.uk
www.advanced-television.com
www.barb.co.uk



