ქსელის ნეიტრალიტეტი - საერთაშორისო გამოცდილება და რეგულირების თანამედროვე მიდგომები

ინტერნეტ ქსელის ნეიტრალიტეტი (Net neutrality) არის პრინციპი, რომლის მიხედვითაც ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლებმა უნდა უზრუნველყონ ყველა ინტერნეტ ტრაფიკის თანაბარი და არადისკრიმინაციული გადაცემა და არ მოახდინონ კონკრეტული სერვისების ან პლატფორმების უპირატესი ან შეზღუდული დამუშავება.

მარტივად რომ ვთქვათ, ინტერნეტ ოპერატორმა არ უნდა გადაწყვიტოს, რომ მაგალითად Netflix-მა ნელა იმუშაოს, ხოლო საკუთარი ვიდეო სერვისი სწრაფად ჩაიტვირთოს; ან რომ გარკვეული საიტები მხოლოდ დამატებითი საფასურის გადახდის შემდეგ გახდეს ხელმისაწვდომი.

ქსელის ნეიტრალიტეტი განსაკუთრებით აქტუალური გახდა OTT პლატფორმების ზრდასთან ერთად. მაგალითად Netflix; YouTube; Disney; Amazon Prime Video დიდი მოცულობის მონაცემებს გადასცემენ და კონკურენციას უწევენ ტრადიციულ ტელევიზიასა და ოპერატორების სერვისებს. თუკი ოპერატორს შეეძლება გარკვეული ტრაფიკის პრიორიტეტულად მართვა, მას შეუძლია საკუთარი ვიდეო პლატფორმა დააჩქაროს, ხოლო კონკურენტი OTT სერვისები შეანელოს, მომხმარებელს კი დამატებითი გადასახადი მოსთხოვოს კონკრეტული სერვისის გამოყენებისთვის.

ინტერნეტ ნეიტრალიტეტის საფუძვლად არის აღებული იდეა, რომ ყველა მომხმარებელს უნდა ჰქონდეს წვდომა კონტენტზე თანაბარი პირობებით.

OTT პლატფორმიების ეპოქაში ქსელის ნეიტრალიტეტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ინტერნეტი გახდა მთავარი სატელევიზიო ინფრასტრუქტურა. მისი დაცვა ნიშნავს, რომ ოპერატორები ვერ გამოიყენებენ ქსელის კონტროლს კონკურენტი ვიდეოსერვისების შესაზღუდად.

ინტერნეტ ქსელის ნეიტრალიტეტის პრინციპს ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც.
მოწინააღმდეგეთა ბანაკში არიან ინტერნეტ პროვაიდერები და სატელეკომუნიკაციო კომპანიები. ისინი აცხადებენ, რომ ოპერატორებს უნდა შეეძლოთ ქსელის ეფექტური მართვა, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა მართონ ტრაფიკი ქსელის ხარისხისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ისინი ასევე მიიჩნევენ, რომ დიდი ტრაფიკის შემქმნელებმა მეტი უნდა გადაიხადონ. ისეთი პლატფორმები, როგორიცაა - Netflix, YouTube, Disney+ - უზარმაზარ დატვირთვას ქმნიან ქსელზე, ამიტომ მათი აზრით ქსელის განვითარების ხარჯებში უფრო დიდი წვლილი უნდა შეიტანონ. ასევე მათი არგუმენტია ის, რომ ოპერატორებს მეტი კომერციული თავისუფლება სჭირდებათ - მათ უნდა შეეძლოთ განსხვავებული პაკეტებისა და კომერციული შეთავაზებების შექმნა მომხმარებლებისთვის.

ამ არგუმენტების საპირისპიროდ ქსელის ნეიტრალიტეტის მომხრეები მიიჩნევენ, რომ აუცილებელი თანაბარი კონკურენცია. ყველა ონლაინ სერვისსა და პლატფორმას უნდა ჰქონდეს ბაზარზე განვითარების შესაძლებლობა. ასევე ოპერატორმა არ უნდა შეუზღუდოს მომხმარებელს წვდომა კონკრეტულ საიტებზე, აპლიკაციებსა და სერვისებზე. ნეიტრალიტეტი ხელს უწყობს ასევე მცირე კომპანიებსა და სტარტაპებს კონკურენცია გაუწიონ მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს. ნეიტრალიტეტის პრინციპი თავიდან გვაცილებს დისკრიმინაციას. სწორედ ეს პრინციპი უშლის ხელს ოპერატორებს შეანელონ ან დაბლოკონ კონკურენტი პლატფორმები საკუთარი სერვისების სასარგებლოდ.

არაერთგვაროვნად რეგულირდება ინტერნეტ ქსელის ნეიტრალიტეტის პრინციპი სხვადასხვა ქვეყნებში. ზოგიერთ ქვეყანაში ქსელის ნეიტრალიტეტი მკაცრად არის დაცული კანონით, ზოგან კი შეზღუდულია ან უფრო მოქნილი რეჟიმი მუშაობს.

ევროკავშირში 2016 წლიდან მოქმედი რეგულაცია (EU) 2015/2120 წარმოადგენს ევროკავშირის ციფრული სტრატეგიის ნაწილს. ღია ინტერნეტზე წვდომის საერთო ევროპული ზომები უზრუნველყოფს იმას, რომ მთელ ევროპაში ერთიანი წესები მოქმედებს.
ევროკავშირში ქსელის ნეიტრალიტეტი ეფუძნება ტრაფიკის არადისკრიმინაციული მართვის პრინციპს. აკრძალულია კონკრეტული პლატფორმების შენელება, კონკურენტი სერვისის დაბლოკვა, ფასიანი პრიორიტეტების შექმნა. ამავდროულად ევროკავშირი მაინც უშვებს გამონაკლისებს ქსელის უსაფრთხოებისთვის და გადატვირთულობის მართვისთვის.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქსელის ნეიტრალიტეტი წლების განმავლობაში პოლიტიკური ბრძოლის საგანია. 2015 წელს FCC (Federal Communications Commision) მიიღო მკაცრი წესები, რომლებიც ოპერატორებს უკრძალავდა ტრაფიკის დაბლოკვას, შენელებას და ფასიანი პრიორიტეტების შემქნას. 2017 წელს ეს წესები გააუქმდა და ფართოზოლოვანი ინტერნეტი უფრო მსუბუქი რეგულირების ქვეშ გადავიდა. 2024 წელს FCC-მ სცადა ნეიტრალიტეტის წესების აღდგენა, თუმცა 2025 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებამ ფედერალურ დონეზე ამ წესების აღსრულება შეაჩერა. დღეს აშშ-ში პრაქტიკულად შერეული მოდელია: ფედერალურ დონეზე მკაცრი ნეიტრალიტეტის ერთიანი რეჟიმი არ მოქმედებს, თუმცა შტატებს მაინც აქვთ საკუთარი წესები. მაგალითად ვაშინგტონსა და კალიფორნიაში მოქმედებს ნეიტრალიტეტის მკაცრი წესები.

ძლიერი ნეიტრალიტეტის მოდელი აქვს ინდოეთს. ქვეყნის სატელეკომუნიკაციო მარეგულირებელმა TRAI-მ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს კონტენტზე დაფუძნებულ დისკრიმინაციულ ტარიფებს, კონკრეტული სერვისებისთვის უპირატესი პირობების შექმნას და ტრაფიკის ხელოვნურ შეზღუდვას. მაგალითად ოპერატორს არ შეუძლია თქვას: WhatsApp უფასოა, მაგრამ Telegram-ის გამოყენება დამატებით ფასიანია.

ქვეყანა, სადაც მკაცრად რეგულირდება ინტერნეტი, არის ჩინეთი. აქ ინტერნეტი სრულად სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება, ხდება კონტენტის ფილტრაცია და პლატფორმებზე წვდომა შეზღუდულია. აქ საკითხი მხოლოდ ოპერატორების მიერ ტრაფიკის მართვას აღარ ეხება, მოქმედებს უფრო ფართო სახელმწიფო რეგულირების მოდელი.

საინტერესოა უკრაინის მაგალითიც, რომელიც ოფიციალურად ევროკავშირის რეგულაციებს მიჰყვება, მაგრამ 2022 წლიდან მოქმედებს განსაკუთრებული რეჟიმი. სახელმწიფოსა და მარეგულირებელს შეუძლიათ მიიღონ დროებითი ტექნიკური ზომები კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად. შეზღუდვები მოქმედებს ისეთი პლატფორმების წინააღმდეგ რომლებიც უკრაინის ხელისუფლების შეფასებით ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ კონტენტს ავრცელებენ. აქ დაბლოკილია საიტები Mail.ru, VKontakte, Odnoklassniki, Yandex, Kaspersky Lab , Dr.Web და სხვა საიტები და ონლაინ პლატფორმები.

ქსელის ნეიტრალიტეტი თანამედროვე სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურ თემად რჩება. ციფრული სერვისებისა და OTT პლატფორმების ზრდასთან ერთად, მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება, ხოლო რეგულირების მოდელის ძიება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში კვლავ გრძელდება.

წყარო:
www.digital-strategy.ec.europa.eu
www.eur-lex.europa.eu
www.theverge.com
www.reuters.com
www.dot.gov.in
www.congress.gov
www.ncsl.org
www.allconnect.com
www.multistate.us
www.nkek.gov.ua
www.zakon.rada.gov.ua
www.freedomhouse.org
www.webportal.nrada.gov.ge

 

უკან